top of page
გრანზიმ B პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (Granzyme B PET)  იმუნოთერაპიის ეფექტურობის განსზღვრის საშუალებას იძლევა კიბოთი დაავადებულ პაციენტებში

იმუნოთერაპია ძალიან ეფექტურია კიბოთი დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში. სამწუხაროდ ამ უკანასკნელთა რიცხვი ძალიან მცირეა (<30%). ამიტომ აქტუალურია მაღალი მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის მქონე ბიომარკერის გამოყენება, რომელიც იმუნოთერაპიის ეფექტურობის განსაზღვრაში დაეხმარება ექიმებს თერაპიის კურსის განმავლობაში.

იმუნოთერაპიის ეფექტის პროგნოზირებისთვის დღეისათვის საზღვრავენ PD-1 და PDL-1-ის ექსპრესიას სიმსივნურ უჯრდებზე და CD8+ და CD3+ T-უჯრედებით ქსოვილის ინფილტრაციას ბიოფტატში. იმ შემთხვევაში თუ თერაპიის კონტროლის მიზნით ბიოფსია არ არის შესაძლებელი არსებობს შესაბამისი გამოსახულებითი კვლევები. თუმცა ამ ბიომარკერების  სენსიტიურობა და სპეციფიკურობა არ არის საკმარისად მაღალი ინდივიდუალური პასუხის შესაფასებლად, რადგან მათი განსაზღვრა არ გვაძლევს მტკიცე და სარწმუნო მონაცემებს ციტოტოქსიკური T უჯრედების გააქტიურების შესახებ. შესაბამისად, მკურნალობის შედეგებიც ვარიაბელურია სხვადასხვა პაციენტში. აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული მეთოდები არ გვაძლევს იმუნოთერაპიის ეფექტურობის დაზუსტებით განვსაზღვრის შესაძლებლობას კონკრეტულ პაციენტში. სპეციალისტებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად იპოვეს უფრო სენსიტიური და სპეციფიკური ბიომარკერი. ეს უკანასკნელი არის გრანზიმ B, სერინ პროტეაზა, რომელსაც  ანტისიმსივნური იმუნური პასუხის შედეგად გააქტიურებული T უჯრედები  და ნატურალური კილერები   გამოყოფენ. გრანზიმ B-ს საშუალებით ხორციელდება T უჯრედით განპირობებული სიმსივნური უჯრედების აპოპტოზი. სიმსივნურ ქსოვილში მისი განსაზღვრა შესაძლებელია რადიოიზოტოპის გამოყენებით. გრანზიმ B პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიით (Granzyme B PET) შეგვიძლია სიმსივნურ ქსოვილში გააქტიურებული იმუნური უჯრედებიდან ფერმენტის (Granzyme B) გამოყოფის განსაზღვრა. მოცემული კვლევის თანახმად, Granzyme B PET გვაძლევს შესაძლებლობას, იმუნოთერაპიის დაწყებისთანავე განვსაზღვროთ მისი ეფექტურობა კონკრეტულ პაციენტში.

კვლევის ეს არაინვაზიური  მეთოდი  იმის საშუალებას გვაძლევს, რომ იმუნოთერაპიის მიმართ მიდგომა გახდეს უფრო პერსონალიზირებული. მკურნალობის დაწყების ადრეულ პერიოდში იმუნოთერაპიის არაეფექტურობის წინასწარ განსაზღვრა  პაციენტსა და ონკოლოგს აძლევს  მკურნალობის სხვა მეთოდების განხილვის და გამოყენების შესაძლებლობას დროის დანაკარგის გარეშე.

bottom of page